English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ბესარიონ სიორდია მირონ ტუღუში
სასწავლო მიგრაციიდან დაბრუნებულთა კვლევა საქართველოში

ანოტაცია. წინამდებარე  სტატიაში ანკეტური გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულთა, დიპლომირებული სპეცალისტების საქართველოში დაბრუნებასა და დასაქმებათან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება გამახვილებულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა: რესპონდენტთა სქესი და ასაკი,  პროფესიის არჩევისა და საქართველოში დაბრუნების განმაპირობებელი მოტივები, სწავლის ხარჯების დაფარვის წყაროები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მომავალში სწავლის მიზნით საზღვარგარეთ  გამგზავრების მსურველთა მიმართ რესპონდენტების  მიერ შემოთავაზებული რჩევები  და ა.შ.

საკვანძო სიტყვები: სასწავლო მიგრაცია, დაბრუნებადი მიგრაცია, ტვინების გადინების მოტივები,  საზღვარგარეთიდან საქართველოში უმაღლესგანათლებამიღებულთა დაბრუნება, დასაქმება. 

შესავალი

ჩვენი ქვეყნის   საბაზრო ეკონომიკაზე  გადასვლამ, სხვადასხვა პრობლემასთნ ერთად, უმაღლესი განათლების სისტემაში, მის ყველა საფეხურზე არსებული პრობლემებიც წარმოაჩინა. შესაბამისი რეიტინგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები, უკანასკნელ პერიოდში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, სწავლების ხარისხითა და კვლევების სიღრმით, რომელიც შემდგომ კურსდამთავრებულთა პროფესიონალიზმის დონეში აისახება, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. არადა, საყოველაოდ ცნობილია თუ რაოდენ დიდია უმაღლესი განათლების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების როლი მთელი საზოგადოების საერთო საგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში, ასევე,  ერთ-ერთი მთავარი და ამავე დროს მეტად  რთული სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური  პრობლემის - უმუშევრობის დაძლევის საქმეში.

ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული პრობლემის დაძლევა მნიშვნელოვანი ოდენობის მატერიალურ, ფინანსურ,  ინფორმაციულ რესურსებსა  და მათ ეფექტიანად გამოყენებას საჭიროებს, მაგრამ  ამ მხრივ ნებისმიერი მცდელობა უნაყოფო იქნება თუ ქვეყანას არ ეყოლება   მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსები. ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა   მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს თუ მათი მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. ამდენად, ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში  ჩვენი ახალგაზრდების მიერ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებას და ამ ცოდნის სამშობლოში გამოყენებას  დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტას ისიც ართულებს, რომ საქართველოსა და  განვითარებულ ქვეყნებს შორის არსებითი განსხვავებაა შრომის პირობებსა თუ ანაზღაურებაში; ჩვენთან ნაკლები  შესაძლებლობებია კარიერული ზრდის მხრივაც და ა.შ., რაც   ადგილზე მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ხელს უშლის. ამასთან ერთად , აღსანიშნავია, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოკვეთილი ე.წ. ,,ტვინების გადინების“ ტენდენცია, მეტნაკლებად დღესაც აქტუალურია და არამხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში მომზადებული მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებაც პრობლემაა. 

საქართველოდან საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით წასულთა და დიპლომირებულ სპეციალისტთა სამშობლოში დაბრუნების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები 

სანამ უშუალოდ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზს შევუდგებით მიზანშეწონილია მოკლედ აღინიშნოს ე.წ. ,,ტვინების გადინების“ განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ.  თეორიიდან ცნობილია, რომ ე.წ. ,,ტვინების გადინებასთან“  დაკავშირებულია ორი, ბიძგის (push) და მიზიდვის (pull) ფაქტორები. ბიძგის ფაქტორები მიესადაგება ემიგრაციის ქვეყნებს, ხოლო მიზიდვის ფაქტორები - იმიგრაციის ქვეყნებს  (ცხრილი1).

ტვინების გადინების ბიძგის და მიზიდვის ფაქტორები

ბიძგის ფაქტორები

მიზიდვის ფაქტორები

1) უმუშევრობა

1) უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები

2) ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე

2) ცხოვრების უფრო მაღალი დონე

3) დაბალი ანაზღაურება

3) უკეთესი კვლევითი ორგანიზაციები

4) პოლიტიკური არასტაბილურობა

4) თანამედროვე განათლების სისტემა და უკეთესი შესაძლებლობები მაღალი კვლალიფიკაციისთვის

5) კვლევითი ორგანიზაციების სიმწირე

5) ინტელექტუალური თავისუფლება

6) შეზღუდული თავისუფლება

6) უკეთესი სამუშაო პირობები

7) დისკრიმინაცია დანიშვნისა და დაწინაურების დროს

7) პოლიტიკური სტაბილურობა

8) მეცნიერული კულტურის ნაკლებობა

8) მაღალი მეცნიერული კულტურის არსებობა

9) უკეთესი ურბანული ცხოვრების სურვილი

9) ტექნოლოგიური სხვაობა

10) უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და უკეთესი კარიერის ქონის სურვილი

10) საკუთარი კვლევებისთვის წყაროების მოძიების შესაძლებლობები

ე.წ. ,,ტვინების გადინებასთან“ დაკავშირებული ბიძგისა და მიზიდვის ფაქტორების გათვალისწინებით გასაკვირი არ უნდა იყოს უცხოეთში განათლებამიღებულებს იქვე დარჩენა რომ სურდეთ, ამიტომ, ამ მიზეზების  შესწავლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ამჯერად,  მხოლოდ საზღვარგარეთ უმაღლეს განათლებამიღებულთა  მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების,  მათი დასაქმების მდგომარეობის ანალიზისა და შეფასებით შემოვიფარგლეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა სამშობლოში დაბრუნება, მათი ცოდნისა და გამოცდილების ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებისათვის გამოყენება,   უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამიტომ,  ჩვენი სახელმწიფო, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი ქვედანაყოფები და სხვ.) თუ ცალკეული ორგანიზაციები (მაგალითად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო და სხვა), ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები, საქართველოს უმაღლესი დაწესებულებები და სხვ. შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით  წარმატებით საქმიანობენ (არსებობს მრავალი ფასიანი თუ უფასო გაცვლითი პროგრამა,  სასტიპენდიო პროგრამები და ა.შ.),  მაგრამ, როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მაინც არსებობს  პრობლემები, რაც დაკავშირებულია როგორც საზღვარგარეთ  ჩვენი სტუდენტების   სწავლასთან და დასაქმებასთან, ასევე სამშობლოში მათ დაბრუნებასა და მიღებული განათლების შესაბამისად შრომით პროცესში ჩართვასთან.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ერთი უწყება (ორგანიზაცია), რომელიც საქართველოდან  უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასული და სასურველი განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული (ან იქვე სამუშაოდ დარჩენილი) პირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდეს.  ამ მხრივ ქვეყანაში აქტიურად საქმიანობს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო თუ კვალიფიკაციის ამაღლების  მრავალი პროგრამული მიმართულების განხორციელების მიზნით საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანასთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ მოცემული, მეტად რთული და მრავალმხრივი პროცესის შესახებ სრულ ინფორმაციას ისიც ვერ ფლობს. ჩვენ, დარგის სპეციალისტებთან თამნამშრომლობით  შევეცადეთ შეგვემუშავებინა აღნიშნული პროცესის  დამარეგულირებელი მექანიზმის სხვადასხვა ვარიანტი (როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ვიზების გაცემასთან კავშირში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით საზღვრის კვეთისას მოგვეთხოვა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის შევსება), მაგრამ სხვადასხვაგვარი სირთულეების გამო სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.   

 იმის გამო, რომ ამჟამად, ქვეყნაში არ არსებობს ამ მეტად აქტუალური პრობლემის  შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია, კვლევის პროცესში გამოვიყენეთ მასობრივი გამოკითხვის ფართოდ გავრცელებული ანკეტირების მეთოდი. კერძოდ, კი ანკეტირების ის ტიპი, როცა რესპონდენტი  ანკეტას, მკვლევარებისაგან ელექტრონული ფოსტით ღებულობს, დამოუკიდებლად ავსებს მას და ელექტრონული ფოსტითვე  უბრუნებს ანკეტის გამგზავნს. ანკეტირების აღნიშნული ტიპი პრაქტიკაში საფოსტო ანკეტირებითაა ცნობილი  (წულაძე,  2008, გვ.19).

სპეციალური კითხვარისა და ,,თოვლის გუნდას“ მეთოდის გამოყენებით ჩავატარეთ იმ პირების  ანკეტური გამოკითხვა (ანკეტა  42 კითხვისაგან შედგებოდა), რომლებმაც უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და  საქართველოში დაბრუნდნენ. დასამუშავებლად ვარგისიანი აღმოჩნდა 115 ანკეტა.

რეპრეზენტატულობის თვალსაზრისით შეიძლება დაისვას შეკითხვა: აღნიშნულ პრობლემაზე  სრული წარმოდგენის შესაქმნელად რამდენადაა საკმარისი 115 რესპონდენტის გამოკითხვა? რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის ყველა მოქალაქის მოსაზრებების შესწავლა/ანალიზი, ანუ სრული გამოკითხვა (რაც, როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად, სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია), ყველა საინტერესო კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემდა, მაგრამ ჩვენს მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგებიც მეტად საინტერესოა, რადგან იგი  წარმოდგენას გვიქმნის პრობლემის არსსა და განმაპირობებელ მიზეზებზე, ამასთან, მისი რეგულირებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობასაც იძლევა.

საინტერესოა გამოკითხულთა დემოგრაფიული მახასიათებლები.  მათი  ასაკობრივი სტრუქტურა  გვიჩვენებს, რომ  24 წლამდე ასაკისაა რესპონდენტთა 18%, 25-29 წლის - 33%, 30-34 წლის - 24%, ხოლო 35 წელზე უფროსი ასაკისაა რესპონდენტების 25%. ბუნებრივია, საზღვარგარეთ სასწავლებლად, ძირითადად, ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობა მიდის. საყურადღებო და სასიხარულო ისაა, რომ მათი უმრავლესობა წარმატებით ართმევს თავს იმ სირთულეებს, რაც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვასა და სწავლასთან  არის დაკავშირებული.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა სქესობრივი შემადგენლობა თითქმის თანაბარია: კაცი - 49%, ქალი - 51%. საზღვარგარეთ განათლებამიღებულთა და საქართველოში დაბრუნებულთა 57% ქორწინებაში არ იმყოფება, 37% კი დაქორწინებულია. როგორც გამოკითხვის მასალებიდან ჩანს, სწავლის დასრულების შემდეგ დაქორწინებულთა საქართველოში დაბრუნება განპირობებულია უცხოეთში ოჯახის შენახვასთან დაკავშირებული სირთულეებით, დაუქორწინებელთა სამშობლოში დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი კი განპირობებულია სამშობლოსადმი ნოსტალგიითა და ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით.

საზღვარგარეთ განათლებამიღებულთა და საქართველოში დაბრუნებულთა შორის მაღალი ხვედრითი წონითაა წარმოდგენილი ეკონომისტები - 26%, ფინანსისტები - 19% და იურისტები - 17%, სხვა პროფესიის წარმომადგენელთა წილი კი მცირეა.

ის, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა უმაღლესი  ეკონომიკური (ფინანსური) და იურიდიული განათლების საზღვარგარეთ მიღებას  უპირატესობას ანიჭებს, რბილად რომ ვთქვათ, იმაზეც მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ამ პროფილის ადგილობრივი სასწავლებლების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ რამდენიმე წლის წინ სწავლის გაგრძელების მსურველებს რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები საკმაოდ ინტენსიურად იზიდავდა, ამ ბოლო ხანს, გასაგები მიზეზების გამო, ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა, ჩვენი გამოკითხვის მონაწილეთაგან    რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არცერთ მათგანს არ გაუგრძელებია.

გამოკითხვის მასალებიდან ჩანს, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდები საფუძვლიანად ფლობენ უცხო ენებს, განსაკუთრებით ინგლისურსა და გერმანულს, ასევე ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს. მათი ნახევარზე მეტი ორ (ინგლისურსა და გერმანულს) და მეტ ენასაც კი ფლობს, რაც საყურადღებოა.

რესპონდენტებმა საინტერესო პასუხები დააფიქსირეს კითხვაზე:  ,,რატომ გადაწყვიტეს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღება?“ მათი უმრავლესობა (56%) თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზღვარგარეთ უფრო ხარისხიანი განათლების მიღების სურვილის გამო მიიღეს. რესპონდენტების 17%-ი საზღვარგარეთ  უმაღლესი განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას  თვლიდა, რომ ეს, საქართველოში მათთვის სასურველ პოზიციაზე დასაქმებას ხელს შეუწყობდა, 12 %-ის აზრით კი საზღვარგარეთ მიღებული განათლება უცხოეთშივე დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა

გამოკითხულთა  უმრავლესობამ (60%) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებისათვის ყველაზე უფრო სასურველ ქვეყნად გერმანია და მისი უმაღლესი სასწავლებლები, დაახლოებით 20 პროცენტმა კი აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლები დაასახელა.

რესპონდენტების უმეტესობის მხრიდან გერმანიის გამორჩევა არცაა გასაკვირი, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც უმაღლესი ხარისხის  იურიდიული და ეკონომიკური განათლების  მიღებაა შესაძლებელი.

 როგორც ჩანს, ჩვენი ახალგაზრდები სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორ  არჩევანს აკეთებენ, რადგან    დასავლეთის მოწინავე ქვეყნების წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ.

კითხვაზე - ,,რატომ აირჩიეთ მაინცადამაინც აღნიშნული ქვეყანა განათლების მისაღებად?“ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა (39%) მიუთითა, რომ მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში მათთვის საინტერესო მიმართულების უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები იყო, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასაქმებაში ხელს შეუწყობდა. 26%-ს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი სწავლის გაგრძელება მათთვის სასურველ ქვეყანაში, რადგან კარგად იცნობდა იმ ქვეყანაში მოქმედ მიგრაციულ პოლიტიკას, 13 % თვლიდა, რომ ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყანაში მათი ნთესავებისა და მეგობრების ყოფნამ განაპირობა და ა.შ.

კითხვაზე - ,,რა მოიმოქმედეთ სასწავლებლად  საზღვარგარეთ წასასვლელად?“ - რესპონდენტთა დიდმა უმრავლესობამ (65%) უპასუხა, რომ შეაგროვა საჭირო საბუთები, ნაწილმა (15%)  მიუთითა, რომ სრულყოფილად დაეუფლა უცხო ენას, 8 %-მა უპასუხა, რომ მოიძია კომპანია, რომელიც მას სასწავლებლად წასვლაში დაეხმარა. რესპონდენტთა მხოლოდ 5 პროცენტმა მიუთითა, რომ შეაგროვა სასწავლებლად წასასვლელად საჭირო თანხა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ  რესპონდენტთა ნახევარზე მეტისათვის (51%) სასწავლებლის შერჩევის კრიტერიუმი სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვება აღმოჩნდა, 10 პროცენტისათვის გაცვლითი პროგრამის არსებობა, გამოკითხულთა 9 პროცენტმა  ეს  გადაწყვეტილება  სწავლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის გამო მიიღო, რესპონდენტების 7 პროცენტი კი სწავლის დაბალმა საფასურმა დააინტერესა.

ანკეტური გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ რესპონდენტების დიდმა უმრავლესობამ (58%) სწავლა მაგისტრატურაში გააგრძელა, 38 პროცენტმა ბაკალავრიატში, მხოლოდ 4 პროცენტმა დაამთავრა დოქტორანტურა. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების დიდმა ნაწილმა (67%) სწავლა იმავე სპეციალობით გააგრძელა, ხოლო  მონათესავე სპეციალობა მხოლოდ 33 პროცენტმა აირჩია. ისიც საყურადღებო და მისასალმებელია, რომ რესპონდენტების უდიდესმა უმრავლესობამ (80%) სწავლა მაღალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა.

კვლევამ აჩვენა, რომ  რესპონდენტთა 61% საზღვარგარეთ სწავლასთან ერთად მუშაობდა, რაც ჩვენი საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან წარგზავნილთათვის მნიშვნელოვანი  შეღავათი და თანადგომა იყო. დასაქმებულთაგან 21 პროცენტი განათლების სფეროში საქმიანობდა, 15 პროცენტი - მომსახურების სფეროში, 7 პროცენტი- მრეწვწლობაში, 6  პროცენტი - საფინანსო სისტემაში. დასაქმებულთა 11 პროცენტს პროფესორის ასისტენტის თანამდებობა ეკავა, 10 პროცენტს - ოპერატორის, 6-6 პროცენტს მენეჯერის, გამყიდველის პოზიცია,  გამოკითხულთა 6 პროცენტი კი მუშად მუშაობდა.

სწავლის პერიოდში მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება გამოკითხული სტუდენტების 20 პროცენტმა ოჯახის მცირეშემოსავლიანობის გამო მიიღო, 44 პროცენტს სურდა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა, 20 პროცენტმა მიუთითა, რომ სწავლის ქირას იხდიდა და იძულებული იყო ემუშავა, 12 პროცენტმა მუშაობა გამოცდილების მიღების მიზნით დაიწყო, რადგან მომავალში  მუშაობის გაგრძელებას ამ სფეროში აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 42 პროცენტმა სამუშაო, უშუალოდ დამსაქმებლისადმი მიმართვის საფუძველზე იშოვა, 23 პროცენტს - ნაცნობ-მეგობრები დაეხმარა, გამოკითხულთა 15 პროცენტი თავისი სასწავლებელის ხელშეწყობით დასაქმდა, დანარჩენებმა კი სამსახური   დასაქმების სააგენტოების, პრესასა და ინტერნეტში განცხადებების განთავსებით მოიძია.

კვლევამ აჩვენა, რომ სწავლასთან შეთავსებით მომუშავე სტუდენტების საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენდა: 19 პროცენტისათვის 500 აშშ დოლარამდე, 33 პროცენტისათვის - 800, 25 პროცენტისათვის 1300 აშშ დოლარამდე, სტუდენტთა მცირე ნაწილის საშუალოთვიური ხელფასი 2500 აშშ დოლარსაც კი აღწევდა. ჩვენთვის შეუძლებელია რესპონდენტების მიერ დასახელებული  ხელფასის ოდენობების რეალურობის შეფასება, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ  სწავლასთან ერთად, 1300 და 2500 აშშ დოლარის ოდენობის ხელფასი საქართველოდან საზღვარგარეთ წასული სტუდენტებისათვის დიდი ფუფუნებაა.

საინტერესოა საქართველოდან საზღვარგარეთ სწავლის მიზნით წასულთა საქართველოში დაბრუნების მოტივები.  აღმოჩნდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საკუთარი ქვეყნისადმი ნოსტალგიაა (22%), შემდეგ მოდის სამშობლოში   დასაქმების შემოთავაზება (21%),  გამოკითხულთა 16%-მა მიუთითა, რომ მათ წინასწარვე ჰქონდათ განზრახული, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, რესპონდენტთა მცირე ნაწილმა (4%) საპირისპირო განზრახვა დააფიქსირა, მათ სურდათ საზღვარგარეთ სამუშაოდ დარჩენა, მაგრამ პროფესიის შესაფერისი სამუშაო ვერ იპოვეს და იძულებულნი გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. როგორც აღვნიშნეთ, გამოკითხულთაგან, ზოგიერთი, სამშობლოში ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნის, დაქორწინების და  სხვა მიზეზის გამო  დაბრუნდა.

საზღვარგარეთ განათლებამიღებული და სამშობლოში დაბრუნებული პირები  ადასტურებენ, რომ მათი უდიდესი ნაწილი - 91%  დასაქმებულია და მხოლოდ 9% ეძებს სამუშაოს, რაც დადებითი მოვლენაა. აღნიშნული პირებიდან 54%  დასაქმებულია კერძო კომპანიებში, 31%-სახელმწიფო სამსახურში, დანარჩენი კი - სხვადასხვა სექტორში. მათგან 18-18 პროცენტი საქმიანობს განათლებასა და საფინანსო სისტემაში, 12 პროცენტი მომსახურების სფეროში, საკმაოდ დიდმა ნაწილმა (31%)  საქმიანობის სფერო არ დააკონკრეტა და ,,სხვადასხვა სფერო“ მიუთითა. რესპონდენტების 30 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი კვალიფიკაცია ბევრად მაღალია, ვიდრე სამუშაო მოითხოვს, 15-15 პროცენტმა მცირეშემოსავლიანობა და საცხოვრებელი ადგილიდან სიშორე დაასახელა.

კვლევის მასალებიდან ჩანს, რომ საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელ დამთავრებულთა და საქართველოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დონე საკმაოდ მაღალია. მათი 34 % -ის ხელფასი 3000 ლარს აჭარბებს, 15%-ისა - 3000,  12 % -ის ხელფასი კი 1500 ლარს შეადგენს.  როგორც ჩანს, გამოკითხული რესპონდენტების შრომის ანაზღაურების  დონე საკმაოდ მაღალია (რაც, ძირითადად, მათი საკმაოდ დიდი ნაწილის კერძო სექტორში დასაქმების შედეგია), თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მაღალი ინფლაციაა, რაც მაღალი ხელფასით  განპირობებულ  ,,სასიამოვნო განცდის“ აღქმას ართულებს.

კითხვაზე - რესპონდენტები, საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენ ხანში დასაქმდნენ? პასუხები ერთგვაროვანი არაა. როგორც გაირკვა მათ 33%-ს სამუშაო, საქართველოში დაბრუნებამდე ნაშოვნი ჰქონდა, 3 თვეში დასაქმდა 40%. 6 თვეში კი რესპონდენტების  15%.  ზოგიერთს კი ერთ წლამდე ლოდინიც კი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ  გამოკითხულთა 36 პროცენტმა მუშაობა კონკურსის გავლის შემდეგ დაიწყო, უშუალოდ დამსაქმებლებისადმი მიმართვის შემდეგ მოეწყო სამუშაოზე-23%-ი, სამუშაოს მოძიებაში ნაცნობ-მეგობრები დაეხმარა რესპონდეტების 16%-ს. სამწუხაროდ, რესპონდენტებს დასაქმების სამსახურების მხრიდან დახმარების შესახებ არ აღუნიშნავთ.

როგორც კვლევის მასალებიდან ჩანს  გამოკითხულთა შორის დაუსაქმებელი ცოტაა, მაგრამ  მათი დაუსაქმებლობის მიზეზების გარკვევა მაინც საინტერესოა. მათი აზრით დროებითი უმუშევრობა განპირობებულია დაბალი ხელფასით (36%), ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებით (14%), სხვდასხვა მიზეზით (43%). სასიამოვნოა, რომ აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, მათი უმრავლესობა (67%) პრესის, ინტერნეტისა და ნაცნობ-მეგობრების მეშვეობით სასურველი სამუშაოს  ძებნას კვლავაც აგრძელებს.

კითხვაზე - აპირებთ თუ არა მომავალში გახდეთ ემიგრანტი? გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ (80%) უპასუხა - ,,არა“, რაც სასიამოვნო და იმედისმომცემია, რადგან ასეთი კატეგორიის სპეციალისტები ქვეყანის განვითარებისათვის  მეტად საჭიროა.

კითხვაზე - თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ ან უკვე სწავლობენ საზღვარგარეთ? გამოკითხულთა ნაწილმა ასეთი რჩევები დააფიქსირა:

- ისწავლონ, მიიღო განათლება, კარგად აითვისონ იქაური გამოცდილება, რათა საქართველოში დანერგონ;

- პროფესიის არჩევისას კარგად დაფიქრდნენ, სწავლის დასრულების შემდეგ სიყვარულით მოეკიდნონ  თავიანთ  საქმეს. საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება  დიდი გამოცდილებაა;

- საზღვარგარეთ სწავლა ცოდნის ამაღლებისა და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების კარგ შესაძლებლობას ქმნის. ამიტომ, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ ზრდას;

- მაქსიმალურად დაიხარჯონ ახალი ცოდნის მიღებაში და ამ ცოდნით დაბრუნდნენ საქართველოში; ;
- თუ  მიღებული განათლების შესაბამისად დასაქმდებიან დაბრუნდნენ სამშობლოში;
- ვურჩევდი რომ, არასდროს დანებდნენ, შეუძლებელი არაფერია,  მთავარია მონდომება და თავდაუზოგავი შრომა;

-კარგად გაიაზრონ სად და რა მიზნით მიდიან, წინასწარ   დააზუსტონ შესაძლებელია თუ არა სამუშაოს შოვნა და სწავლასთან შეთავსება.

დასკვნა

1. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოდან სწავლის მიზნით ახალგაზრდების წასვლა, დიპლომირებული სპეციალისტების სამშობლოში დაბრუნება და რაციონალურად გამოყენება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მისი წარმატებით გადაწყვეტა, მთელი საზოგადოების საერთო საგანმანათლებლო დონის ამაღლების,  ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების, ასევე,  ერთ-ერთი მთავარი და ამავე დროს მეტად  რთული სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური  პრობლემის - უმუშევრობის ეტაპობრივად დაძლევის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა;

2. საზღვარგარეთ უმაღლეს განათლებას დაუფლებული ყველა მოქალაქის მოსაზრებების შესწავლა/ანალიზი, ანუ სრული გამოკითხვა (რაც, ამჟამად, სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია), მრავალ საინტერესო კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემდა, მაგრამ ჩვენს მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგებიც მეტად საინტერესოა, რადგან იგი  წარმოდგენას გვიქმნის პრობლემის არსზე, განმაპირობებელ მიზეზებზე, ამასთან, მისი რეგულირებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობასაც იძლევა;

3. კვლევიდან ჩანს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი იმ სირთულეებს, რაც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვასა და სწავლასთანაა   დაკავშირებული, რაც საყურადღებო და მისასალმებელია;

4. საზღვარგარეთ განათლებამიღებულთა და საქართველოში დაბრუნებულთა შორის მაღალი ხვედრითი წონითაა წარმოდგენილი ეკონომისტები, ფინანსისტები და იურისტები, სხვა პროფესიის წარმომადგენელთა წილი კი მცირეა. ის, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა  უმაღლესი  ეკონომიკური (ფინანსური) და იურიდიული განათლების საზღვარგარეთ მიღებას  უპირატესობას ანიჭებს, რბილად რომ ვთქვათ, იმაზეც მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ამ პროფილის ადგილობრივი სასწავლებლების მიმართ ნდობა არც ისე მაღალია;

5. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდები საფუძვლიანად ფლობენ უცხო ენებს, განსაკუთრებით ინგლისურსა და გერმანულს, ასევე ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს. მათი ნახევარზე მეტი ორ (ინგლისურსა და გერმანულს) და მეტ ენასაც კი ფლობს; გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება  უფრო ხარისხიანი განათლების მიღების სურვილის გამო მიიღეს.

6. გამოკითხულთა  უმრავლესობამ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებისათვის ყველაზე უფრო სასურველ ქვეყნად გერმანია და მისი უმაღლესი სასწავლებლები, შედარებით მცირე ნაწილმა კი აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლები დაასახელა. რესპონდენტების უმეტესობის მხრიდან გერმანიისათვის უპირატესობის მინიჭება  არცაა გასაკვირი, რადგან ეს  ქვეყანა მსოფლიოში  ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც  უმაღლესი ხარისხის  იურიდიული და ეკონომიკური განათლების  მიღება შეიძლება.  საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ახალგაზრდები სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორ  არჩევანს აკეთებენ, რადგან    დასავლეთის მოწინავე ქვეყნების წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ;

7. როგორც კვლევიდან ჩანს საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული რესპონდენტების დიდ უმრავლესობას  მაგისტრატურა იზიდავს, შედარებით მცირე რაოდენობას - ბაკალავრიატი, ერთეულებს კი დოქტორანტურა, რაც საყურადღებოა. როგორც ჩანს, მომავალში, ჩვენი ახალგაზდებისათვის საზღვარგარეთის უმაღლესი სასაწავლებლების დოტორანტურაში  სწავლის გაგრძელება დამატებით წახალისებას საჭიროებს;

8. კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა სწავლასთან ერთად მუშაობდა. მუშაობის დაწყების მოტივებს შორის დასახელებულია: ოჯახის მცირეშემოსავლიანობა, სწავლის ქირის გადახდა და ა.შ. ზოგიერთმა კი მუშაობა გამოცდილების მიღების მიზნით დაიწყო,   რადგან მომავალში  მუშაობის გაგრძელებას ამ სფეროში აპირებდა. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ სწავლასთან შეთავსებით მუშაობის შესაძლებლობის არსებობა ჩვენი საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან წარგზვნილთათვის მნიშვნელოვანი  შეღავათი და თანადგომა იყო;

9. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ  საქართველოში დაბრუნების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რესპონდენტების მხრიდან საკუთარი ქვეყნისადმი ნოსტალგიაა, შემდეგ მოდის სამშობლოში   დასაქმების შემოთავაზება.

10. საზღვარგარეთ განათლებამიღებული და სამშობლოში დაბრუნებული პირები  ადასტურებენ, რომ მათი უდიდესი ნაწილი ( 91%)  დასაქმებულია და მხოლოდ 9% ეძებს სამუშაოს, რაც დადებითი მოვლენაა.  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასაქმებულთა  თითქმის ნახევარის ხელფასი 3000 და მეტი ლარია, დანარჩენისა კი  1500 ლარი, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი მაჩვენებლებია, რაც, ძირითადად, რესპონდენტების  საკმაოდ დიდი ნაწილის კერძო სექტორში დასაქმების შედეგია;

11. იმისათვის, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდები სამშობლოში მასობრივად დაბრუნდნენ ქვეყანაში აუცილებელია  შენარჩუნებულ იქნეს  პოლიტიკური სტაბილურობა, ამაღლდეს შრომის ანაზღაურების დონე, უზრუნველყოფილ იქნეს შრომის კეთილსასურველი პირობები. თუ საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებსა და საქართველოში შრომის ანაზღაურებას,  შრომის ხასიათსა და პირობებს  შორის ამჟამად არსებული  საგრძნობი განსხვავება მომავალშიც შენარჩუნდება, მაშინ მდგომარეობა გართულდება და არათუ საზღვარგარეთ პროფესიადაუფლებულთა, არამედ საქართველოს უნივერსიტეტდამთავრებულთა ადგილზე დამაგრებაც პრობლემა გახდება;

12. მრავალი სირთულის მიუხედავად შესაძლებელი უნდა გახდეს საქართველოდან როგორც სწავლის მიზნით საზღვარგარეთ წასულთა, ასევე საზღვარგარეთ დიპლომირებული სტუდენტების სამშობლოში დაბრუნებულთა სრულად აღრიცხვა.  ამჟამად, ამ საქმიანობაში მრავალი უწყება და ორგანიზაციაა ჩართული და სწავლის მიზნით საზღვარგარეთ წასულთა (ქვეყნებისა და პროფესიული მიმართულებების მიხედვით) საერთო რაოდენობისა და სხვა მონაცემების დადგენა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, მართებული იქნება თუ შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, რომელიც არალეგალური მიგრანტების გამოსავლენად  საზღვრის კვეთის კანონიერების მონიტორინგს  ისედაც აწარმოებს, დაევალება სწავლის მიზნით ქვეყნიდან გამსვლელებს მოთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შედგენილი  სპეციალური კითხვარის შევსება, რომელშიც მითითებული იქნება ქვეყანა, დასაუფლებელი პროფესიის, სასწავლო პროგრამის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელება და სხვა. დაბრუნებისას კი ქვეყნიდან სწავლის მიზნით გასულებს  ასევე უნდა მოეთხოვოს  ზემოაღნიშნული სამინისტროს მიერ შედგენილი სპეციალური  კითხვარის შევსება, რომელშიც მითითებული იქნება სად, რომელ ქვეყანაში მიიღეს განათლება (თუ მიიღეს), რომელი საფეხურის და პროფესიის  და ა.შ., ზემოაღნიშნული  კითხვარებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ სწავლასთან და შემდგომ საქართველოში დაბრუნება/არდაბრუნებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემს. მართალია, ეს  სასაზღვრო პოლიციის საქმიანობას გარკვეულ წილად გაართულებს, მაგრამ ამით, ქვეყანას სერიოზული პრობლემა მოეხსნება.

ვფიქრობთ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ერთი მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, მეორე მხრივ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობაც შესაძლებელია, თუმცა, პრობლემა უფრო რთულად გადასაწყვეტი იქნება. 

ლიტერატურა

- საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, თბ., 2004 წლის 21 დეკემბერი,  № 688 რს;

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №180/ნ, 2016 წლის 30 დეკემბერი, ქ.თბილისი)

-  წულაძე, ლ. (2008) რაოდენობრივი კვლევის მეთოდები  სოციალურ მეცნიერებებში,   თბ.,  გვ.19.

Cervantes, M. (2002). The Brain Drain: Old Myths, New Realities. OECD, Directorate for     Science, Technology and Industry.
OECD/CRRC - Georgia (2017), Interrelations between Public Policies, Migration and Development in Georgia, OECD Development Pathways, OECD Publishing, Paris+++, 
Retrieved from https://doi.org/10.1787/9789264272217-en.
Tukhashvili, M. (1996). Georgian population migration. Lampari. 59pp.

Tukhasvhili M., Tsartsidze M., Latsabidze N., Lobzhanidze M., Shelia M.(2018). Emigration intentions of students of higher education institutions of Georgia (examples from Ivane Javakhishvili Tbilisi State University). // The European Journal of Humanities and Social Sciences, Premier Publishing s.r.o. Vienna.(4).p.139-147

Welton, G., Winship, E. (2010). Matching Vocational Education in Georgia with Labour Market Needs. Deutsche Gesellschaft für Technische Zusammenarbeit (GTZ) GmbH, Tbilisi, 2010.

William, B. W. (1994). Forced Migration: Local Conflicts and International Dilemmas   Annals of the Association of American Geographers, Vol. 84, No. 4, pp. 607-634.

Shelia M., Tukhashvili M.(2019). New Trends of Student Migration in    Georgia. (2019)Humanities & Social Sciences Review. December, p. 444- 456

Shelia M., Tukhashvili M.(2020).EXPECTED EMIGRATION OF STUDENTS FROM GEORGIA.Ecoforum Journal, Vol 9, No2